Klubik Auction
ყიდვა გაყიდვა
23:00:01

სიახლე

აუქციონი საოფისე ავეჯზე

12.01.2024 აუქციონი საოფისე ავეჯზე

„იმდენი საქმე მაქვს. მეშინია, რომ ჩემს საქმეებსაც თავიანთი საქმეები აქვთ.“ - იმ ეპოქაში, სადაც სამსახურებრივი მოვალეობები ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს იკავებენ, ყოველდღიური სტრესორების შესამსუბუქებლად ისიც საკმარისია, საქმეს კომფორტული ადგილიდან ვაკეთებდეთ. დღეს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, შეგვიძლია სავარძელში მყუდროდ მოკალათებული ლეპტოპში ვაკეთოთ ჩვენი მნიშვნელოვანი საქმეები, თუმცა, ცხადია, რომ სამუშაო ადგილის დიზაინი ყოველთვის ასე არ გამოიყურებოდა. ის სწრაფად განვითარდა გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ჩვენი სამუშაო სივრცე 2023 წელს რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც წარმოადგენდა, თუნდაც, 50 წლის წინ. დღევანდელი ოფისი აღარ არის მხოლოდ შენობა, სადაც ყველა თანამშრომელი ერთად იკრიბება, არამედ, დღეს სამუშაო სივრცედ შეგვიძლია მივიჩნიოთ უკვე ჩვენი სახლები, ადგილობრივი კაფეები და მრავალი სხვა ადგილი, სადაც გვაქვს მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა.

 

დღეს კომპანიები ცდილობენ, შექმნან კომფორტული სივრცეები, რათა პერსონალი იყოს რაც შეიძლება პროდუქტიული და კრეატიული. თანამშრომლები სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ ტრადიციულ სამუშაო მაგიდასთან, რამაც განაპირობა მშვიდი ზონების შექმნის აუცილებლობა. ამან კი, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია შერჩეულ ავეჯზე და გამოიწვია რევოლუცია საოფისე ავეჯის დიზაინში. მაშ, საიდან იწყება ოფისის ავეჯის ისტორია?


განვითარების კვალდაკვალ

მე-18 საუკუნეში, როდესაც ფართოდ გავრცელდა სპეციალური შენობების ცნება, სადაც კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ, გამოყენებული ავეჯი ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რასაც დღეს ვიყენებთ. ადრეული ოფისები წარმოდგენილი იყო მაგიდებისა და სკამების რიგებით, ხოლო მენეჯერებისთვის გამოყოფილი იყო კერძო ოთახები, რომლებიც, როგორც წესი, უფრო მაღალ დონეზე იყო მოწყობილი. საუკუნის მეორე ნახევარში პოპულარული გახდა დახვეწილი საწერი მაგიდები, აღჭურვილი დოკუმენტების შესანახი ინოვაციური სისტემებით, რაც აუცილებელი გახდა ნებისმიერი სამუშაო ადგილისთვის. ამ ეტაპზე, რაც შეეხება საოფისე ავეჯის დიზაინის ისტორიას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჰენრი ვან დე ველდეს დინამიკური არტ ნუვოს 1899 წელს გამოშვებული მრუდი მაგიდა, რომელიც დღემდე ითვლება საკულტო კლასიკად.

სარეკლამო ბანერის ადგილი